აფხაზეთის დაკარგვა – ვაშინერს, ჩემო სამშობლო!

აფხაზეთის დაკარგვა – ვაშინერს, ჩემო სამშობლო!.

Advertisements
Posted in პუბლიკაციები | Leave a comment

murmani

Image | Posted on by | Leave a comment

დედის ანდერძი

აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ერთიან საქართველოს სხეულს მოგლეჯილი ულამაზესი ნაწილი, გამესამედებულ მამულს უღვთოდ ჩამოტეხილი ტოტი.სამი თვე ვიმუშავე ოჩამჩირესა და სოხუმს შორის მდებარე კინდღის პიონერთა ბანაკში. დღემდე ჩემს სულში იდუმალ სამოსახლოდ იქცა ის დღეები. იქ მზის ალერსიც სხვანაირი იყო და წვიმის ცრემლიც. მჯერა , რომ ქართველობა არასოდეს მიატოვებს ბრძოლას ლაჟვარდოვანი აფხაზეთის დაბრუნებისთვის. ახალი საუკუნის აღმართზე კიდევ ერთ ჯვარს აზიდავს თავისი მთლიანობისთვის.
ბატონი მურმან კვარაცხელია ამ კუთხის მკვიდრია. მისი სოფელი კოჩარა იყო, ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი მთელ აფხაზეთში. სოხუმის დაცემამდე თითქმის ერთი წლით ადრე გაანადგურეს აფხაზებმა იქაურობა. 1200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გადაწვეს, არ დაინდეს ბავშვი, ქალი, მოხუცი . . .200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. წლების განმავლობაში ფიქრობდა ბატონი მურმანი თავის სოფელში დატრიალებულ ტრაგედიაზე.თვალწინ ედგა აწიოკებული ოჯახები,განწირული მოსახლეობა.ამის დავიწყება ძალიან ძნელი იყო, ამიტომაც დაიწერა წიგნი „კოჩარის სისხლიანი ქრონიკები“.მისი წაკითხვა ტკივილის საბურველში გაგხვევთ. ბატონი მურმანი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დებუტატი, მონოგრაფიების, მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების ავტორი. მასთან საუბარმა ცრემლის გარეშე ვერ ჩაიარა. ეს ის თემაა, როცა არ შეიძლება შენი რესპოდენტის ტკივილიანი განწყობილება არ გადმოგედოს, მის მიერ განცდილმა და ნანახმა შენც არ შეგძრას.
ბატონო მურმან, ემოციურად, ალბათ, რთული იყო ასეთ წიგნზე მუშაობა.
გეთანხმებით , ასეთი წიგნის შექმნა, მართლაც, არ არის ადვილი. ყველაფერი იმ სვეგამწარებულ ხალხზე სიყვარულითა და ცრემლითაა დაწერილი. ამით მინდოდა პატივი მიმეგო უდანაშაულო ადამიანების ნათელი ხსოვნისთვის. ჩვენ ერთად მოვდიოდით ბავშვობის ლამაზი ბილიკებიდან. კოჩარის ტრაგედიის ჭეშმარიტი სურათის აღდგენაში ძალიან დამეხმარნენ თვითმხილველები. მათ ზუსტი ინფორმაცია მომაწოდეს მომხდარის შესახებ. ანალოგიური მოვლენები სხვა ქართულ სოფლებშიც ხდებოდა. ტრაგედიის ავტორებს ხელწერა თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. ერთი უხილავი ხელის მიერ იმართებოდა ყოველივე. ეს ძალა კი, როგორც ვხედავთ, დღესაც არ გვიშვებს მშობლიურ სანახებში. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ენგურს გაღმა , არც ისე შორს, ჩემი სახლი დაობლებულა. იგი სულ ახლოსაა ჩემს გულთან, მაგრამ ,სამწუხაროდ, თვალსაწიერიდან შორს.
ცნობილი მწერალი ეგზიუპერი ამბობდა,რომ ომი უზნეოა, უზნეო ადამიანების უზნეო თამაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ იწყებს ომს?
ომს ყოველთვის პოლიტიკოსები იწყებენ. პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილთათვის კი ხალხი მხოლოდ ამა თუ იმ დროს სტატისტიკურად აღრიცხული მასაა, რომელშიც, სამწუხაროდ, ადამიანს მარტოოდენ ნუმერული ფასი აქვს.
იქნებ გვიამბოთ თქვენი სოფლის წარმოშობის ისტორია.
კოჩარის ტერიტორია მე-19 საუკუნის 60-70 -იან წლებამდე უღრანი ტყით ყოფილა დაფარული. 1850-60 წლებში აქ სამეგრელოდან ჩამოსულა მეჯოგე, რომელსაც კოჩა რქმევია. იგი ყოფილა ამ კუთხის პირველი მოსახლე. აქედან დაწყებულა დაუსახლებელი, უკაცრიელიადგილების ათვისება მეგრელი გლეხების მიერ.ისინი მოხიბლულნი იყვნენ ამ კუთხის საუკეთესო კლიმატური პირობებით, მდიდარი ტყეებით,უხვბალახოვანი საძოვრებით, კარგი წყლითა და წარმტაცი ბუნებით. იმ დროიდან ჩნდება პირველი ქოხმახები, შემოღობილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.ძველი ნასახლარები კოჩარაში დღემდე შემორჩა.ჩვენი სოფელი მთელ აფხაზეთში ეკონომიკურად ძალიან ძლიერი იყო.მეურნეობაში მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. გვქონდა საკუთარი ფაბრიკა, რომელიც წლის განმავლობაში ამუშავებდა რვა ათას ტონამდე ჩაის ფოთოლს. კოჩარაში იყო ხუთი დაწყებითი,ორი არასრული და ერთიც საშუალო სკოლა.154 გვარის წარმომადგენელი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა, მაგრამ თურმე ბედნიერების ჟამი ნელ-ნელა ილეოდა.
როდის დაიწყო კოჩარაზე აქტიური თავდასხმები?
1992 წლის 28 ნოემბერს ოჩამჩირის 24-ე ბრიგადა ჩაება ბრძოლაში.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ,მებრძოლები სათანადო ტექნიკასთან ერთად ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ.ისინი სოხუმის 23-ე ბრიგადის შემოერთებას ელოდნენ,მაგრამ ამაოდ . . .ამავე დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენთა დაქირავებულმა „ ბოევიკებმა“( შამილ ბასაევის მეთაურობით ) გადაწვეს სოფელ კოჩარის ულამაზესი უბანი „ქეთევანი“.სიკვდილსა და ტყვეობას გადარჩენილმა ასობით ადამიანმა სასწაულებრივად უშველა თავს. 29 ნოემბერს კი იმავე შამილ ბასაევმა თავისი 120 კაციანი ყუმბარმტყორცნი ბატალიონითა და დანარჩენი ადგილობრივი აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძალებით ჩვენი სოფელი დაიპყრო.
კოჩარა როგორც სტრატეგიული ობიექტი, მგონი, აფხაზებმა უკეთ გამოიყენეს, ვიდრე ქართველებმა.
სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჩვენს სოფელს ისეთი მდებარეობა ჰქონდა, რომ შეიძლებოდა აღმოსავლეთის ფრონტის წელში გაწყვეტა. აქედან უფრო ოპტიმალური იყო აფხაზურ სოფლებზე შეტევის განხორციელება,მაგრამ ფაქტობრივად აფხაზი სეპარატისტები ახორციელებდნენ თავიანთ მზაკვრულ ჩანაფიქრს- ქანქარისებურ შეტევებს თვით კოჩარაზე, ტამიშზე, სადაც გადიოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა ჯერ ქართულ სოფლებთან ახალ კინდღსა და ახალდაბასთან, საბოლოოდ კი სოხუმთან დამაკავშირებელი მთავარ ტრასასთან.აფხაზებს ხელს აძლევდა კოჩარის საბრძოლო პოლიგონად გადაქცევა.
თქვენ მეუღლე და შვილები თბილისში გყავდათ გამოგზავნილი. მხოლოდ დედათქვენი დარჩა სახლში.რატომ ადრე არ იზრუნეთ მის წამოყვანაზეც?
არ დატოვა ოჯახი. ძალიან ბევრი ვეხვეწე, მაგრამ მკაცრად მიპასუხა:“ერთი დღე არ მიმიტოვებია ეს არემარე და ახლა რა გამამგზავრებს. გარდა ამისა, ვერც შენ მიგატოვებ, შვილო. თუ სიკვდილი მიწერია, აქ მოვკვდე, ის მირჩევნია“.28 ნოემბერს მოტყუებით ჩამოვიყვანე ოჩამჩირეში, ჩემს ბიძაშვილთან. მე კი ისევ უკან მივბრუნდი.
ალბათ, ძალიან მტკივნეული იყო საკუთარ სახლთან გამომშვიდობება.
ამის გადმოცემა ძალიან ძნელია, შეიძლება სიტყვებიც ვერ მონახოს ადამიანმა იმ განცდის, განწყობის, ემოციის გამოსახატავად. მივბრუნდი , რათა ერთხელ კიდევ მენახა ჩემი სახლი, მოვფერებოდი ყველაფერს: სულიერს თუ უსულოს, გამოვმშვიდობებოდი ჩემს აღმზრდელ ოდაბადეს ,რომელმაც სიყვარული მასწავლა, სიკეთე მასწავლა,მამულის მადლი დამანახვა . . .გაბრუებული დავაბიჯებდი ოთახიდან ოთახში. ვიფიქრე, რაღაცას წავიღებ-მეთქი. მზერა ჩემი შვილების სურათისკენ გამექცა. ერთმანეთს ეხუტებოდნენ პატარები. ავიღე ,მაგრამ ჯიბეში ვერ ჩავიდე, უკან დავაბრუნე. ვერ შევძელი თუნდაც სულ პაწაწა რაიმე მაინც მომეკლო იქაურობისთვის. გონებაში მეორე ხმა ჩამძახოდა, როგორ შეიძლებოდა ეს სახლი დაკარგულიყო, ვიღაცას წაერთმია ჩემი ყველაზე სანუკვარი, ძვირფასი განძი-ჩემი ბავშვობის ნაკრძალი.
ვიცი, რომ კოჩარაში ძლიერი ოჯახი გქონდათ. ეს დედათქვენის დამსახურებაც იყო, ძალზედ გამრჯე და მშრომელი ქალი ყოფილა.სახლი მის გარეშე დაობლებული არ გეჩვენათ?
რა თქმა უნდა ,ქალზე ბევრი რამაა დამოკიდებული.ჩემი ოჯახის ხვავი და ბარაქაც დედაჩემის დამსახურება იყო.მუდამ ფუსფუსებდა და ტრიალებდა. ახლა კი მის გარეშე დარჩენილი პირუტყვიც კი დაბნეული იყო. იქნებ ისინიც გრძნობდნენ საშინელის მოახლოებას. სახლის გვერდით თავაწეული იდგა დედაჩემის საყვარელი „ცირა“,დედობისთვის გამზადებული და გულსაკლავად ზმუოდა. მისი წყლიანი თვალები დღესაც არ მავიწყდება.გაკვირვებული ჩანდნენ ჩემი ძაღლებიც, ჯეკა და ბესანდარა.თითქოს ვერ მცნობდნენ.არც თავიანთი საყვარელი მანქანისაკენ იყურებოდნენ.ისინი ყოველთვის მაცილებდნენ ცენტრალურ გზამდე, საღამოს კი იქ მელოდებოდნენ.
ერთხელ კიდევ შევავლე თვალი სახლს და მანქანაში ჩავჯექი. ეზოდან გამოვედი, მაგრამ ჩემი ძაღლები არ ინძრეოდნენ, თითქოს იმ ადგილს მიჰყინვოდნენ.მათთან მივედი და ომახიანად შევძახე:“ჯეკა, ბესანდარა, რა მოგივიდათ?!“ამომხედეს და… ღმერთო, თვალებში ცრემლები ჰქონდათ! უცებ კატის კნავილი შემომესმა, მოვიხედე და ჩვენი პატარა ფისო ფეხებზე მებღაუჭებოდა. გული მომეწურა, მკერდზე მივიხუტე და ოთახში შევიყვანე. საჭმელი დავუდგი და ცოცხალმკვდარი გამოვედი. წამოვედი,მაგრამ ჩემს ჯეკასა და ბესანდარას აღარ გამოვუცილებივარ.
მთელი დოვლათი სახლში დატოვეთ?
კი. ორსართულიანი დიდი სახლი, ბუხარი, მარანი, ფაცხა, საძროხე . . .იმ წელიწადს ჩვენს ნაკვეთში მოწეული პროდუქტიც: 5 ტონა სიმინდი,800 ლიტრი ცოლიკაური, 300 ლიტრი ადესა, 1,5 ტონა თხილი.
ბატონო მურმან, თუ იცით რა ბედი ეწია თქვენს სახლ-კარს?
ჯერ გაუძარცვავთ, შემდეგ კი გადაუწვავთ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ. ჩემი სახლ-კარის ნახვის სურვილი კი უფრო და უფრო მიძლიერდება, სიზმარ -ცხადში იქ ვარ, მის თითოეულ ნაწილს ვეფერები.
დედათქვენი როგორ შეეგუა თბილისში ყოფნას?
ხშირად ეძალებოდა მელანქოლია, გულამოსკვნილ ტირილამდე განიცდიდა თავის ხორციელთა საძვალეების მონატრებას.ბევრჯერ უთქვამს :შვილო, ობლად დარჩენილი ჩვენი ოდის საწვეთურების ხმა ჩამესმისო ნიადაგ ,სული მეხუთებაო თბილისში. სულ იქით უწევდა გული. ბევრს ვეფერებოდი პატარა ბავშვივით ,მაგრამ მისი სევდა მაინც განუზომელი იყო.
ამბობენ, რომ დედათქვენი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.
გმადლობთ, ასე იყო.
და კიდევ, დედას თქვენ გამგვანებენ.
უდიდეს სიამაყესა და სითბოს ვგრძნობ, როცა ამას მეუბნებიან.დედა არაჩვეულებრივი ქალი იყო.მისი სინათლე დღესაც მზიანობს ჩემში. ვიდრე დედა ცოცხალი გყავს, გულის კუნჭულში საიმედოდ გაქვს გადანახული უძვირფასესი და აუწონავი განძი-ბავშვობა. ეს ის ნაკრძალია ,რომელშიც შესვლის უფლება მხოლოდ დედას აქვს.მისი გარდაცვალების შემდეგ,სამწუხაროდ,ეს ნაკრძალი ერთგული პატრონის გარეშე გრჩება.დედასთან ერთად სამუდამოდ ეთხოვები ბავშვობასაც.მისი დაკარგვა სულის მარადიული სიცარიელეა. ჩემი მეხსიერება სათუთად ინახავს დედა დევნილის სახეს,საკუთარ მიწა-წყალს მოწყვეტილს,კოჩარის ხვავმადლიან ეზო-კარს მონატრებულს, დღედაღამ მასზე მლოცველს.
რა იყო მისი უკანასკნელი ნატვრა?
დედა 2000 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. წინა დღის საღამოს სამსახურიდან რომ დავბრუნდი,საწოლთან დამისვა.მოვეფერე, გავამხნევე, მაგრამ ატირდა. ალბათ, ვერც ერთი შვილი დაივიწყებს სიცოცხლის დასალიერთან მყოფი მშობლის საუბარს:“მივდივარ, შვილო, მივდივარ ,არ გეგონოს სიკვდილის მეშინია,არა.მე ის მადარდებს, როგორ უნდა გავძლო შენ გარეშე, ასეთი კარგი შვილის გარეშე. უბედნიერესი დედა ვიყავი ,შენი თვალების მზერა მათბობდა მუდამ. დღევანდელი თაობა ასეთი თვალებით არასოდეს შეხედავს მშობლებს.შენ სხვა იყავი ,შვილო, სხვა.ერთი თხოვნა შემისრულე,თუ ოდესმე ეღირსათ ქართველობას აფხაზეთში დაბრუნება, ჩვენი სამოსახლო აღადგინე, ცეცხლი კვლავ გააღვივე, ჩემი ძვლები კი აქ არ დატოვო, ჩემი შვილისა და მამაშენის გვერდით მაღირსე მოსვენება“,-აი ,ეს იყო დედაჩემის უკანასკნელი თხოვნა.
ბატონო მურმან,ვთქვათ, აგვისრულდა ნაოცნებარი და კვლავ მოგვეცა აფხაზეთში შესვლის საშუალება, პირველად რას გააკეთებდით?
იცით, მე ერთი სადღეგრძელოს თქმა მიყვარს:“გაუმარჯოს მიწის მონატრებას და მამაკაცის წმინდა ცრემლებს“.იქნებ ბევრი ვერ მიხვდეს , რას მოვიაზრებ ამაში. მე კი გეტყოდით, თუ გვეღირსა ეს ბედნიერება, პირველი, რასაც გავაკეთებ, დავიჩოქებ იმ ჩემს მიწაზე, ვეამბორები უდიდესი მონატრებული გრძნობით და ტირილით ვიჯერებ გულს. მერე კი დედაჩემის ნეშტს გადავასვენებ. თავდაპირველად თუნდაც ერთ პატარა ქოხს ავაშენებ და იქ ვიცხოვრებ. ჩემს პატარა შვილიშვილს , დიდი ბაბუის მოსახელე სარდიონ კვარაცხელიას, აფხაზეთის მადლით გავზრდი. დღეს დატყვევებულ წინაპართა საფლავებს პატივს მივაგებ და უფრო თავისუფლად ვისუნთქებ, ვიდრე აქ.
როგორ ფიქრობთ, დავბრუნდებით აფხაზეთში?
ყველაზე ცუდი უიმედო კაცის მდგომარეობაა. დიდი სულხან-საბა იმედს გულის მინდობას უწოდებდა. ჩვენს მდგომარეობაში მყოფებს რას შეიძლება მივანდოთ ეს ემოციური მუხტი, თუ არა იქ დაბრუნების იმედს. თუ დამიჯერებთ, ჩემს თვალებში ხშირად აფხაზეთის სილაჟვარდეა ჩაწოლილი, დედამიწის ვერც ერთ კუთხეში რომ ვერ ნახავთ. ჩემს მონატრებას მშობლიური მიწის სურნელი ასდის.
თქვენ აუცილებლად გემახსოვრებათ ალექსანდრე დიუმას შეგონება:“ნურასოდეს დაივიწყებთ , რომ სანამ დადგება ის დღე ,როდესაც ღმერთი კაცობრიობის წინაშე მომავლის ფარდას ჩამოგლეჯს ,მთელი საკაცობრიო სიბრძნე ორიოდე სიტყვაში გამოიხატება: ელოდე და იმედი იქონიე!“ მეც მაქვს იმედი,რომ აფხაზეთი დედის კალთას დაუბრუნდება. ეს მაძლევს სიცოცხლის ძალას ,ხვალინდელ დღესთან შებმის ენერგიას.
მაინც რა დავაშავეთ, რა დააშავეს მათ, ვინც იმ ომმა შეიწირა?
მათ ყველას ერთი დანაშაული ჰქონდათ, ისინი ქართველები იყვნენ.
ბატონ მურმან კვარაცხელიას კოჩარაში დარჩეილი ბავშვობის ნააფეხურები ეძახის, თითქოს შველას სთხოვს უღვთოდ გადამწვარი ბილიკები, რადგან ყველაზე დიდ და ძვირფას ავტოგრაფს სულში მშობლიური მიწა ტოვებს. დრომ როგორც არ უნდა გაცრიცოს იგი, მარადიული სიცოცხლის ძალას ვერ წაართმევს. თუ ერთხელ მაინც დაუგდებ ყურს შენი გულის ძახილს, მიხვდები,რომ ბავშვობის სახლი გეძახის. შეიძლება მის ეზოში ბალახიც ატოტილა ,სახურავიც ჩამოშლილა და წვიმის ნადენს კედლებზე დარდის ღარებიც გაუვლია, მაგრამ მაინც ტკბილი ნაჟურია. როგორი დაღლილიც არ უნდა იყო წუთისოფლისგან, იქ სხვა ძალით აღივსები, რადგან ბავშვობის ყველა ნივთი სიყვარულის ნაკადითაა სავსე. დედის უხილავი ხელიც მუდამ ცოცხალია და მზადაა მკერდზე მიგიკრას, იდუმალი სურნელი შემოგხვიოს ,ბურუსი გაგინათოს.
აი, რა არის ფესვების მადლი და ხიბლი.თუ კაცი დაივიწყებს მას, მაშინ მისი სიცოცხლის ბილიკებიც წყდება. ბატონ მურმანს ხშირად ცრემლიანი მზერით გადაუხედავს ენგურის გაღმა საქართველოსთვის. იქ მისი სახლი ტირის, პატრონის ალერსი მონატრებია, ბუხარში ცეცხლის ატკრციალება ,მეგრული ნანა . . .
იქნებ მოახდინოს უფალმა საქართველოსთვის კიდევ ერთი კეთილი სასწაული სამშობლოს კალთას დაუბრუნდეს აფხაზეთი.

მაია გელიაშვილი „ქალთა გაზეთი“, 2004 წელი.

Posted in ინტერვიუები | Leave a comment

აფხაზეთის დაკარგვა – ვაშინერს, ჩემო სამშობლო!

ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია განუკურნებელ იარად იქცა. ქართველები ვერასოდეს შეეგუებიან ამ ულამაზესი მხარის დაკარგვას. ცხრა წლის წინ ინტერვიუ მქონდა აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, პროფესორ მურმან კვარაცხელიასთან. სურვილი გამიჩნდა კვლავ შევხვედროდი ჩემთვის საინტერესო რესპოდენტს.

ბატონო მურმან, პირველი ინტერვიუ თქვენთან ცხრა წლის წინ ჩავწერე. საოცარი სევდა და ტკივილი სდევდა თან დაკარგული მშობლიური გარემოს გახსენებას. ცნობილი გამონათქვამია: დრო ყველაფერს კურნავსო. როგორ ფიქრობთ, განვლილმა წლებმა თუ შესძლო, ოდნავ მაინც გაენელებინა ის მწუხარება?

– ერის მამა, დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია წარსულის ფესვებთან აბსოლუტური მოწყვეტა. არც წარსულში ჩარჩენაა პროგრესის საწინდარი. ამდენად, ჩემთვის ძალიან ძნელია იმ ბავშვობის, იმ ახალგაზრდული წლების, იმ მიწისა და იმ მხარის დავიწყება, რომლებიც უსაშველოდ გემშობლიურება. ბუნებრივია, ადამიანი მხოლოდ წარსულში ვერ დარჩება, ცხოვრებას დღევანდელობით მიჰყავხარ წინ, მაგრამ ეს ყველაფერი წილნაყარია იმ მიწის სიყვარულთან, რომელსაც შენი ოდაბადე ჰქვია, სადაც ბავშვობის აკვანი დარწეულა, სადაც შენი წინაპრების ნაოფლარი, ნაამაგარი ნერჩი (ნიადაგი) გეძახის. ვერანაირი დრო ვერ გაანელებს ვერც ტკივილს და ვერც იმ მიწის მონატრებას.

ორი ათეული წელია ჩემი სახლ-კარი არ მინახავს. ხშირად მესიზმრება, რომ ოთახებში დავდივარ და დედას დავეძებ. გამოღვიძებულს საშინელი განცდა მეუფლება. ამ ტკივილის განცდას არავის ვუსურვებ. მე დავიარები ჩემს ქვეყანაში, მაგრამ დავეძებ მშობლიურ სურნელს, რომელიც იქ დარჩა, რომელსაც ვერაფერი შემიცვლის. ხშირად მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის. აი ესაა, რითაც ძალიან გავღარიბდი, რითაც ძლიერი ვიყავი. ტირის ფესვები, რომელიც იქ უღვთოდ გადამიჭრეს. მათგან ერთდროულად ცრემლიც მოედინება და სისხლიც.

 როდესაც ჩენნაირი ქვეყანა კარგავს თავის უმშვენიერეს ნაწილს, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა იყო ამის მიზეზი, გარდაუვალი განაჩენი მეზობელი სახელმწიფოსგან თუ ჩენი ხელისუფლების პოლიტიკური ფიასკო?

– ერთიც და მეორეც. ისტორიულა რუსეთმა როგორც კი გააცნობიერა კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, მისი ოცნება გახდა აბსოლუტური კონტროლის დაწესწბა მასზე. ამისათვის რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა. მის წარმატებებს ხელი შეუწყო იმანაც, რომ კავკასია ყველა დიდი დამპყრობელის ობიექტი იყო. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სიძლიეე საკმაოდ შერყეულიყო. ცნობილი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე კარგად წერს თავის „დედა ისტორიაში“: „ სამი მსოფლიო მონარქია – რუსეთი, ოსმალეთი და ირანი – არასოდეს ისე მძაფრად არ დაპირისპირებიან ერთმანეთს, როგორც იმჟამად. სამივეს ძალიან „სჭირდებოდა“ საქართველო და საქართველოს ისღა დარჩენოდა, არჩევანი გაეკეთებინა. მისი არჩევანი კი უყოყმანოდ რუსეთი იყო“.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა გახდა დიდი რუსეთის კოლონია. საბჭოთ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა აღმოჩნდა ბევრი პრობლემის წინაშე. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაუჩნდა ისეთ ძლიერ ალიანსს, როგორიცაა „ნატო“. ქართველების ოცნებად გადაიქცა ამ დიდ გაერთიანებაში შესვლა. ამ ფაქტმა გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან ყველასთვის კარგადაა ცნობილი „ნატოს“ შექმნის ისტორია. ძლიერი რუსეთი კი, რა თქმა უნდა, თავის ყურისძირში მისადმი დაპირისპირებული ალიანსის ჯარს არ შეეგუებოდა. აი, ასეთი მძიმე პოლიტიკური სურათი წარმოიქმნა ახლადჩამოყალიბებული დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ განჭვრიტა არსებული რთული რეალობა. სწორედ ამის შედეგია აფხაზეთის დაკარგვა. მივიღეთ პოლიტიკური ფიასკო.

უამრავი ქართველი კმაყოფილია იმით, რომ ამერიკა და ევროპაც ეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სიტყვიერი თანადგომის გარდა ჩვენ ვერაფერი მივიღეთ. მხოლოდ ორი სიტყვა გახდა მათ ლექსიკონში პოპულარული: „აღშფოთება“ და „შეშფოთება“. „ნატო“ დღეს ჩვენთვის, სამწუხაროდ, გახდა აუხდენელი ქიმერა.

 

 ძალიან რთულია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველობა შეწყვეტს ფიქრს აფხაზეთის დაბრუნებაზე. ძალიან ბევრს დაკარგული აქვს იმედი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა შესაძლებლობა აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარებისა?

– ხშირად მეც გამჩენია ანალოგიური განწყობა და უიმედობას შევუპყრივარ. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება. მეგრულ ენაში ერთი სიტყვაა – „ვაშინერს“, რომელიც ქართულად ნიშნავს აკრძალვას, ტაბუდადებულს. ოღონდ ეს აკრძალვა ჩვეულებრივი არაა, უფრო ღვთაებრივისკენ იხრება. ამიტომაც მეც ვიტყოდი: აფხაზეთის დაკარგვა – ვაშინერს, ჩემო სამშობლო! ეს იქნება მთლიანად ქართველი ერის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი ისტორიული დანაშაული, რომელსაც არ გვაპატიებს მომავალი თაობა და თვით მამაზეციერი. თავისი არსებობის მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის ტოლერანტი ერი. არასოდეს გაგვჩენია აგრესია სხვა ერების მიმართ, პირიქით, მსოფლიოში განთქმულია ქართველის სტუმარმასპინძლობა. ჰარმონიულად ვცხოვრობდით აფხაზებთანაც და ოსებთანაც. სამივე ერი გავხდით პლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს პოლიტიკური ამბიციების შუაგულში. ამიტომაც აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მაგრამ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბედის გადაწყვეტის გასაღები არის ისევ ჩვენს ხელში და სწორად წარმართულ პოლიტიკურ დიპლომატიაში. ლოგიკური კანონზომიერებაა, ვინც გართმევს მასთან უნდა აღადგინო ურთიერთობა. ოცი წელი საკმარისია იმისათვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ წარმატებულ შუამავლად არ გამოგვადგა არც ამერიკა და არც ევროპა. დროა ჩვენ ვისწავლოთ აკადემიური სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვნახოთ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსი.

სავსებით ვეთანხმები ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომელიც განაცხადა ევროპარლამენტში. ჩვენ უნდა გავხდეთმისაბაძი ქვეყანა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზებისა და ოსებისთვისაც. ისინი ეჭვიც არ მეპარება, რომ კვლავ ისურვებენ ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას. ამაში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ, თუ გვინდა დავიბრუნოთ ყველაზე სანუკვარი, მზად უნდა ვიყოთ მეგობრული ხელის გაწვდენისთვის. ისიც ხომ ცნობილია, რომ არც აფხაზია ნაკლები კულტურის მქონე ერი. რეალურად მომხდარი ფაქტია, რომ აფხაზმა მამამ შვილის მკვლელი შეიფარა და სასიკვდილოდ არ გაწირა. ეს დაედო აფხაზი მწერლის ლეონიდ ლაკერბაის შესანიშნავ მოთხრობას საფუძვლად. ჩვენ, ქართველები კი – ვეფხისა და მოყმის ბალადის შემქმნელები ვართ.

ასე, რომ ბუნებაში ვერ ვხედავ სხვა გზას, გარდა ურთიერთობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა, იმ ჩტეხილი ხიდის გამთლიანებისა, რომელიც კვლავ დაგვაახლოვებს ერთმანეთთან. ყველამ ვიცით, რომ ამ აზრისაა ამერიკაც და ევროპაც…ორივე ერმა დიდი გზა განვვლეთ, დიდი გამოცდაც გამოვიარეთ, ბევრი ღირებულიც ერთად ვაშენეთ, ოჯახებიც ერთი შევქმენით, სისხლით და ხორცით გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს და ეს წარსული უნდა გახდეს საცნაური და მკვიდრი ბალავარი შემდგომი ერთად ყოფნისა. გაუცხოვება და სხვადასხვა ნაპირზე დგომა შეუძლებელია გაგრძელდეს მარადიულად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლის წაგებიდან ომის წაგებამდე შორი მანძილია. ქართველების სვე-ბედი კი რატომღაც საუკუნეების მანძილზე თითქოს ჩვენთან ერთად ნაშობ ომების ველზე მიდიოდა, ხან ვმარცხდებოდით და ხან ვიმარჯვებდით, მაგრამ იმედს არასოდეს ვკარგავდით.

 ბატონო მურმან, სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთის თემა თითქოს დავიწყებას მიეცა. საზოგადოებაში ამ მხრივ აქტიურობა აღარ ჩანს. დუმილია როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე ინტელიგენციისგანაც. აფხაზეთის ხელისუფლების, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენც ბრძანდებით, მუშაობა გამოიხატება მხოლოდ დევნილთა სოციალური პრობლემის მოგვარებაში. არადა მთავარი მიზანი ხომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიებაა?

– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსთა ვაჭრობისა და ამბიციების საგანი ხდება აფხაზეთის პრობლემატიკა.. თუმცა მათგან წარმატებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ვერავინ გვთავაზობს პრობლემის მოგვარების ოპტიმალურ სქემას. სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც პოლიტიკური გამოცდილების მქონე, ასევე ახალგაზრდა ძალების გაერთიანება ახალი გზების ძიების საქმეში. ამ მხრივ საინტერესო თაობა მოდის და მათი ხედვები ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ჩვენისგან. უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება და არა იგნორირება. აღსანიშნავია, რომ ბევრი უკვე ცნობადი სახე ჯიუტად გაიძახის „უჩემოდ ვით იმღერეთას“. მათ ავიწყდებათ, რომ თუ შენ არა ხარ წარმატებული, გზა უნდა დაუთმო სხვას, მაგრამ ვერ შელევიან თბილ თბილ სკამებს. ამით ზარალდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები.

ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებით ქვეყნის უამრავი პრობლემა ახლებურად იქნება გააზრებული, მათ შორის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაც. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სხვა ენერგიითა და ხედვით შევუდგეთ მუშაობას. ჩვენ წინ გვაქვს აჭარის ნათელი მაგალითი. იგი თითქმის სამი საუკუნე იყო მოწყვეტილი დედასამშობლოს, მაგრამ, ალბათ, განგების ნებით კვლავ ჩვენთანაა. ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, ზნეობრივად, ჭკვიანურად, რათა მივაღწიოთ სასურველი სამართლიანობის აღდგენას.

ძალიან კარგია ისეთ დიდ სახელმწიფოსთან მეგობრობა როგორიც ამერიკაა, მაგრამ აგერ სულ ახლოს მყოფ რუსეთთან ძალიან გაგვიფუჭდა ურთიერთობა, საერთო ენის გამოლნახვის შესაძლებლობები. რა აღმოჩნდა ამის მთავარი მიზეზი?

– ამის მტავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ არა მარტო გარეშე ფაქტორებში, არამედ ჩვენშიც, ჩვენ მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებში. თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, რომ ორი ზესახელმწიფო ჩვენი გულისთვის არ გაიფუჭებდა ურთიერთობას. საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების დაიმედებით, ჩემი ღრმა რწმენით, ამერიკამ ერთგვარი გამოცდის წინაშე დააყენა რუსეთი. ეს უკანასკნელი კი არ შეგუა თავის გვერდით მყოფ სახელმწიფოში „ნატოს“ ინტერესების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდა საერთო ენის გამონახვა ჩვენსა და რუსეთს შორის, თუმცა, თუ იქნებოდა სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი შევძლებდით მეზობელთან ურთიერთობის წსრმართვას ჩვენდა სასიკეთოთ. კიდევ ერთი ფაქტორია საქართველოსთვის დამღუპველი, რატომღაც ფიქრობს, რომ მის ბედს კეთილად გადაწყვეტს ან ამერიკა, ან ევროპა. იმედია ამ ოცმა წელმა მიახვედრა, რომ თავის ოჯახს თვითონ უნდა მიხედოს.

ხშირად მსმენია, რომ ომით წართმეულს, მშვიდობით ვერ დაიბრუნებ. ბუნებრივია, რთულია დავივიწყოთ იქ დატრიალებული ტრაგედია, მაგრამ გვმართებს თუ არა ორივე ერს – აფხაზებსაც და ქართველებსაც ურთიერთმიტევება, რთული არ იქნება ამის მიღწევა?

– ამ ომში ორივე ერი წაგებული აღმოვჩნდით. ქართველები უფრო მეტად, რადგან მოგვწყვიტეს საკუთარ კერიებს. უცებ ყველაფრით უზრუნველი ოჯახების მქონენი აღმოვჩნდით სასტიკ გაჭირვებასა და სიღარიბეში, მოვექეცით როგორც ეკონომიკურ, ასევე მორალურ წნეხში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვალენი ვართ ორივე ერმა გამოვნახოთ ის დიდი სულიერი ძალა, რომელიც მიტევებას შეგვაძლებინებს. მე მესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი.

სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრებისა, რომ ომით წართმეული ომით დავიბრუნოთ. ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვის ვეომებოდით. ამ მეთოდით მასთან ვერასოდეს გავიმარჯვებთ. თუ კვლავ დაიღვრება სისხლი, ეს გააჩენს საბოლოო უფსკრულს. ჩვენ ხომ ქრისტიანი ერი ვართ, მის მცნებებზე აღზრდილი. ხომ არ გვავიწყდება ადამიანთა ურთიერთობის მთავარი ბერკეტი: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი“. მგონია, რომ ქართველებიც და აფხაზებიც მსოფლიოს დავანახვებთ კარგ მაგალითს, რა თქმა უნდა, ამის მიღწევას დიდი ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება.

P.S.ბატონ მურმანთან საუბრის დამთავრების შემდეგ დიდი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ბრწყინვალე ლექსი გამახსენდა „აფხაზური კანტატა“. თითქოს გული უგებდაო ავტორს ისეთი სევდანარევი სიძლიერით გამოხატა ამ ორი ერის თანაცხოვრება. ამიტომაც მისი სიტყვებით მინდა მივმართო ჩემს საყვარელ აფხაზეთს: „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.

   ესაუბრა  მაია გელიაშვილი

Posted in ინტერვიუები | Leave a comment